"ENPARD-ი მხარს უჭერს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სოფლის განვითარება"
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში სოფლის განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგების და სოფლად ინკლუზიური და მდგრადი ზრდის ხელშეწყობის საკითხების განხილვის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) წლების განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერისთვის.
„უკვე ათეული წელია, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ის პოზიტიური შედეგები, რაც ქვეყანაში სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით დღეს გვაქვს, გარკვეულწილად მათი მხარდაჭერის დამსახურებაა. სამინისტრო აქტიურად და კოორდინირებულად მუშაობს დონორებთან, იმ გამოწვევების დაძლევისთვის, რაც ჯერ კიდევ გვაქვს როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის, ასევე კლიმატის ცვლილების, ჰაერის ხარისხის, ნარჩენების მართვის და სხვა გარემოსდაცვითი მიმართულებებით“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, ანნა ჩერნიშოვას განცხადებით, სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორებმა და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ გამოწვევების დასაძლევად.
„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ სამომავლო გზებს, თუ, როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და როგორ გახდეს სოფლის განვითარება უფრო ინკლუზიური და მდგრადი“, - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.
როგორც შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის უპირველესი კოორდინატორი იმ საქმიანობისა, რასაც ევროკავშირი საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ახორციელებს. წლების განმავლობაში განხორციელებული პროგრამები, მათ შორის ENPARD, მხარს უჭერს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სოფლის განვითარება და სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა და, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ENPARD-ის ფარგლებში სოფლად მიღწეული შედეგები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: მეწარმეობის მხარდაჭერა და სამუშაო ადგილების შექმნა (თანადაფინანსება და საგრანტო პროგრამები, სახელმწიფო სერვისები სოფლად, ტრადიციული რეწვის ხელშეწყობა, სოფლად მცხოვრები ქალი მეწარმეების მხარდაჭერა); ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და უნარების განვითარება (მცირე და საშუალო საწარმოების ციფრულ ტრანსფორმაცია, ციფრული უნარების განვითარება, სოფლად ახალგაზრდების განვითარება); მწვანე ეკონომიკა (კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, განახლებად ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, მწვანე ეკონომიკა სოფლად).
შეხვედრას სოფლად ინკლუზიური და მდგრადი ზრდის ხელშეწყობის პროცესში ჩართული და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.