ელკანა: მეურნეებს ბიოპროდუქტის სერტიფიცირებაში ფულის გადახდა არ უღირთ
საქართველოში ბიპროდუქტების ბაზრის განვითარება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.
უმნიშვნელოა რიცხვები, რომელიც ქვეყანაში ნაწარმოები ბიპპროდუქტის მოცულობას ასახავს. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ძირითადად სერტიფიცირებას მხოლოდ ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქცია გადის.
"ეს არის პროდუქცია, რომელიც მოიყვანება გარემოს დამზოგავი მეთოდებით. იქ არ გამოიყენება ქიმიური პრეპარატების უმეტესობა. მხოლოდ დაშვებული პრეპარატების მოკლე ნუსხა არსებობს. ასევე არ გამოიყენება ჰერბიციდები და სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერება.
თუ პროდუქტს ბაზარზე გამოვიტანთ, როგორც ბიოპროდუქტს, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს სერტიფიცირებული. ასეთი დასტურის მიღება ფული ღირს, რისი გადახდაც ხშირ შემთხვევაში, ჩვენს მცირემიწიან მეურნეებს, არ უღირთ. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ ყიდიან მომხმარებელზე, ან აქვთ გარკვეული რეპუტაცია. ამიტომ დღეისთვის საქართელოში უმეტესწილად ისეთი პროდუქციაა სერტიფიცირებული, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული",- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" ელკანას დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ.
ის ფიქრობს, რომ სექტორის წასახალისებლად სუბსიდირებაა საჭირო. ამის დასტურად საერთაშორისო პრაქტიკა მოჰყავს.
"მსოფლიოში ბიომეურნეობის განვითარებას წლები დასჭირდა. საუბარია იმ პერიოდზე, სანამ მეწარმე მომხმარებლის ფართო მასებზე გავიდოდა. შემდგომში, როდესაც რეგულაცია შემოვიდა, ქვეყნებმა სექტორში სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის ეს მიმართულება დაასუბსიდირეს. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს არასდროს მომხდარა. რამდენჯერმე შემუშავდა ისეთი დოკუმენტი, მხოლოდ პრემიერის ხელმოწერა რომ აკლდა, თუმცა საბოლოო ჯამში სუბსიდირება არ მომხდარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სუბსისიდები იმ მხრივ, რომ მეურნეს პირველი 2-3 წელი განსაკუთრებით უჭირს ბიოწარმოების პროცესზე გადასვლა. მათ მთლიანად უნდა შეცვალოს მიდგომა და სანამ ნიადაგი გაჯანსაღდება და მოხდება სასიცოცხლო ციკლების ნორმალიზება, მანამდე კარგი მოსავლის მიღება საკმაოდ რთულია. ამიტომ, რაღაც პერიოდში საჭიროა მათი დახმარება",- აღნიშნა მან.