"ეფკო" ბაზრების დივერსიფიცირებას და 2022 წელს ექსპორტზე 200 ტონა მოცვის გატანას გეგმავს
ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია "ეფკო" 2022 წელს ექსპორტზე 200 ტონა მოცვის გატანას გეგმავს. ექსპორტი ძირითადად რუსეთში იგეგმება, თუმცა ნაწილი ევროპის ბაზარზეც გავა.
"ეფკოს" პროდუქცია ექსპორტზე ბრენდით GeorgianBlue გააქვს, კომპანიამ წელს პირველად მოცვის გატანა დასავლეთ ევროპაში შეძლო და გერმანული მხარისგან უკუკავშირიც დადებითია, რაც ახალი შესაძლებლობაა ზოგადად ქართული მოცვისთვის.
„წელს უკვე დავრწმუნდით, რომ სატვირთო მანქანით უპრობლემოდ არის შესაძლებელი მოცვის დასავლეთ ევროპაში ჩატანა. ეს დიდი გამოცდილებაა ჩვენი კომპანიისთვის, რადგან ზოგადად ევროპის ბაზარს ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ვუყურებთ. რაც შეეხება წარმადობას, ექსპორტზე დაახლოებით 140 ტონა მოსავალი გავიტანეთ. ეს იყო როგორც ჩვენს პლანტაციაში წარმოებული ასევე მოსახლეობისგან ჩაბარებული პროდუქტი. მოსავალი ავიღეთ 30 ჰექტარზე ჩვენი პლანტაციიდან, თუმცა სულ ჯამში გვაქვს 35 ჰექტარი. იმის გათვალისწინებით, რომ 5 ჰექტარზე ბაღი ჯერ ახალი გაშენებულია წელს მოსავალი ვერ მივიღეთ. ვფიქრობთ, მომავალ წელს უკეთესი შედეგი გვექნება. ვგეგმავთ დაახლოებით 200 ტონა პროდუქტის ექსპორტირებას. ამ ეტაპზე ძირითადი ბაზარი კვლავ რუსეთია, თუმცა ევროპის ბაზარზე გვაქვს სიახლეები და იმედია, საექსპორტო ბაზრების დივრსიფიცირებას შევძლებთ,“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" GeorgianBlue-ს გენერალური დირექტორი რატი მორჩილაძე.
2020 წელს საქართველომ ექსპორტზე ჯამში 3.8 მლნ დოლარის მოცვი გაიტანა. ექსპორტის უდიდესი წილი, 95% რუსეთზე მოდის. 12 ტონა გავიდა პოლონეთში, 6-8 ტონა კი, სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უკრაინაში.