სოფლის მეურნეობა
19/04/2023

დასავლეთ საქართველოში კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ინსპექტირება მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებთან ერთად, დასავლეთ საქართველოში  სანერგეების ინსპექტირებას ახორციელებს.

ინსპექტირება სარგავი მასალის მწარმოებელი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესწავლის მიზნით ტარდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კვალიფიციური სანერგე მეურნეობა ვალდებულია უზრუნველყოს ჰიგიენური და სატრანსპორტო მოთხოვნების დაცვა, გასამრავლებელი მასალის მიკვლევადობა, როგორც სანერგე მეურნეობაში, ასევე სანერგე მეურნეობის გარეთ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ სანერგე არ ახდენს ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრი მეურნეობას რეესტრიდან იღებს.

სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წლიდან მიმდინარეობს. სერტიფიცირების სისტემა ბაზარს ხარისხიანი თესლითა და სარგავი მასალით უზრუნველყოფს, რაც იმპორტირებული მასალის ჩანაცვლებას და ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მომხმარებელს კი, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან დაიცავს.