სოფლის მეურნეობა
26/11/2020

დაბალი თვითღირებულება და პრემიუმ ხარისხი - Walnuts.ge-ს კაკალი ექსპორტზე გაიყიდება

საქართველოში მოყვანილი ჩანდლერის ჯიშის კაკალი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება. როგორც  აგრარული კომპანია Walnuts.ge-ს დირექტორი დავით ბუხნიკაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, თუ ფერმერი კაკალოვან კულტურებს ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით და კარგი აგროჩარევების ფონზე აწარმოებს, მსოფლიო ბაზართან შედარებით ს  მაღალი  ხარისხის  პროდუქტს უფრო დაბალი თვითღირებულებით მიიღებს.

როგორც ბუხნიკაშვილი აცხადებს, პროდუქციის შედარებით დაბალ თვითღირებულებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხიანი სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობა და ფასი.

„დღეის მდგომარეობით ფერმერებს საქართველოს მასშტაბით, ჰექტარი მიწის მორწყვაში  75 ლარს იხდიან, ეს ფასი კი ბევრად დაბალია ამერიკისა თუ ევროპის ფერმერთა წყლის გადასახადთან შედარებით“-აცხადებს ბუხნიკაშვილი.

მისი განცხადებით, დაბალ თვითრრებულებას ასევე ხელმისაწვდომი მუშა ხელი განაპირობებს, რომელსაც კომპანია მიმდებარე  სოფლებიდან ქირაობს.არანაკლებ მნიშვნელოვანია მდიდარი ნიადაგი  და კარგი კლიმატური პირობები, რომელიც საბოლოოდ პროდუქციის ხარისხზე აისახება.

„წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ადგილმდებარეობაა. ევროპის, რუსეთისა და შუააზიის ბაზართან სიახლოვე, ამარტივებს და აიაფებს პროდუქციის მიწოდებას.მთავარი  პრობლემა ჩვენს  სფეროში შესაბამისი გამოცდილების ნაკლებობაა, ამიტომ, ჩვენი ავსტრალიელი და გერმანელი პარტნიორები, მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ესპანელ ექსპერტ ფედერიკო ლარინაგა-სთან  ერთად გვეხმარებიან  წარმატების მიღწევაში“-აცხადებს დავით ბუხნიკაშვილი.

მისი ინფორმაციით,კომპანია საგარეჯოში  150 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან მიღებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გაიტანს. პირველი პარტიის  გადატანა 2021 წელს იგეგმება.

ბუხნიკაშვილი აცხადებს, რომ კომპანია  1 ჰექტარზე დაახლოებით 7 ტონა გაუტეხავ კაკალს მიიღებს, ხოლო 1 კილოგრამი ჩანდლერის ჯიშის კაკლის ფასი  მსოფლიოს ბაზარზე  3,5 $ -ია.

Walnuts.ge ამ დროისთვის  მოლაპარაკებებს აწარმოებს  გერმანიასთან.  დავით ბუხნიკაშვილის განცხადებით,აღნიშნულ ქვეყანაში არის რამდენიმე შემსყიდველი კომპანია, რომელსაც მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა აინტერესებს.

როგორც ბუხნიკაშვილი აცხადებს, პროექტში 12 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება.