სოფლის მეურნეობა
04/11/2020

ბრიტანულმა Swril Wine Group-მა ქართული ღვინის ონლაინ ტურებს უმასპინძლა

ბრიტანულმა კომპანიამ Swril Wine Group ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის ონლაინ ტურები ჩაატარა.

4 დღიანი ტურის განმავლობაში მონაწილეებმა საქართველოს ტრადიციების ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ ინფომაცია მოისმინეს.

ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის - „თბილღვინო", „თელიანი ველი", „მეღვინეობა ხარება", „ლაგვინარი", „დაქიშვილის საოჯახო მარანი" და „ორი მარანი" პროდუქციას. 

აღნიშნული კომპანიების ღვინოები, რომელიც დიდ ბრიტანეთში ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო გაგზავნილი, "Swril Wine Group"-ის მიერ ტურის  მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნა.

„ტურის ბრიტანელ და ქართველ მონაწილეებს შორის ონლაინ-დიალოგი საინტერესო, პროდუქტიული გამოდგა და ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო ქართულ ღვინო შეფასდა როგორც „უნიკალური ღვინო“.“ - "Swril Wine Group"-ის დირექტორი

ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. პანდემიის პირობებშიც ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ბრიტანეთში ექსპორტირებულია 160 644 ბოთლი ღვინო, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Businesspartner