ბექა გონაშვილი: ქვეყანაში ხორცის იმპორტი დაახლოებით 40%-ითაა გაზრდილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მეცხოველეობის დარგის სტიმულირებაზე მუშაობს, რომლის მიზანი წარმოების ზრდისა და მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების განვითარებაა.
როგორც ფერმერი, ბექა გონაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ბოლო ორი თვის მონაცემებით, სექტორის იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 40%-ითაა გაზრდილი ხორცის იმპორტი. სწორედ ამის აღმოსაფხვრელად, გონაშვილის ვარაუდით, საჭიროა მაღალპროდუქტიული ჯიშების ქვეყანაში შემოყვანა, რომელიც შეიძლება ცხოველის სულადობის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, თუმცა მაღალპროდუქტიულობას გაზრდის.
"სექტორში ძირითად გამოწვევად, კვლავ ცოდნა და გამოცდილების არქონა რჩება. აღნიშნული მასტიმულირებელი პროგრამის ფარგლებში, სესხის ვადები, რომელიც ამ დრომდე 4 წლის განმავლობაში 11%-ის სუბსიდირებას გულისხმობდა, გადაიხედა. ვფიქრობ ეს საჭიროც იყო, რადგან სოფლის მეურნეობაში და მითუმეტეს მეცხოველეობაში, აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ფერმერმა თანხის სრულად ამოღება და სესხის დაფარვა შეძლოს.
პროგრამა მუშა პროცესშია და ვფიქრობ, რომ ვადა 7 წლამდე გახანგრძლივდება, რაც ერთის მხრივ, ფერმერს შესაძლებლობას მისცემს, რომ სესხი უფრო დიდ ვადაზე გადაავადოს და ყოველთვიური გადასახადი ნაკლები შეიტანოს. ბანკების შემთხვევაში კი, საფინანსო ინსტიტუტებს შესაძლებლობა ექნებათ ფერმერებზე უფრო მეტი სესხი გასცენ,"-აცხადებს გონაშვილი.
გარდა ამისა, სტიმულირების პროგრამის ფარგლებში მეხორცული მიმართულებით სასუქი მეურნეობის მოწყობაც მოხდება, რომელზეც შედარებით ნაკლები სასესხო პერიოდი იქნება დაფინანსებული.
გონაშვილის განმარტებით, პროგრამა ფერმერებს ჩარჩოში მოაქცევს, რომლის ფარგლებშიც მოქმედება შეეძლებათ. მაგალითისთვის, კონკრეტული სანაშენე პირუტყვების შემოყვანა იქნება ნებადართული, რომელთა სახეობებიც ამ დროისათვის უკვე შერჩეულია. თუმცა,იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა დამუშავების პროცესშია, შესაძლოა ცვლილებებიც შევიდეს.
მიმდინარე კვირის ბოლომდე, კერძო სექტორის მხრიდან სამინისტროს საბოლოო უკუკავშირი უნდა მიეწოდოს, რის შემდეგაც დადგენილება გამოიცემა.
თუმცა გონაშვილის მტკიცებით, პირველ რიგში საჭიროა ქვეყანაში ცოდნისა და უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, რომლებიც ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად იმუშავებენ. სხვა შემთხვევაში ძვირადღირებული პირუტყვის კვლავ სასაკლაოზე გაშვების საჭიროება დადგება.
ამ ეტაპზე კონკრეტული ქვეყანა, საიდანაც სანაშენე პირუტყვი შემოვა, ცნობილი არ არის, თუმცა ფერმერი ვარაუდობს, რომ აღნიშნულის იმპორტი ევროპის ქვეყნებიდან მოხდება.