ასოციაცია: წელს ნუშის და კაკლის მოსავალი გაორმაგდება
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსავალი ყოველწლიურად იზრდება.
საკითხი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს.
ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ 2022 წელს მოსავალი მნიშვნელოვნად, 2-ჯერ და მეტჯერ გაიზრდება, რაც გადამამუშავებელი მიმართულებით საქმიანობას გააქტიურების წინაპირობას წარმოადგენს.
ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ორიენტირი ბუნებრივია ევროპულ ბაზარზეა აღებული, მაგრამ ამ ეტაზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება მოხდეს სწორედ მაღალი ხარისხის ადგილობრივი პროდუქციით.
"დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრა ყოველთვის სასარგებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ასოციაცია 800-მდე ფერმერს აერთიანებს. გავეცანით დარგში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს. დღეს ისინი ძირითადად ორიენტირებული არიან კაკლის იმპორტის ჩანაცვლებაზე, რაც საერთო ეკონომიკური განვითარების ჭრილში ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტიც არის",-განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
აღნიშნული ასოციაცია ფერმერთა ჯგუფის მიერ 2018 წელს შეიქმნა. ასოციაციაში გაერთიანებული არიან ნუშისა და კაკლის პირველადი მწარმოებლები, მებაღეები და ფერმერები, ასევე ნუშის და კაკლის გადამამუშავებელი მეწარმეები, პროდუქციის დილერები და ექსპორტიორები.