სოფლის მეურნეობა
12/02/2021

ასოციაცია: საქართველოს აქვს პერსპექტივა ფისტას ექსპორტიორი გახდეს

„გვაქვს პერსპექტივა, რომ რამდენიმე წელში საქართველო ფისტას ექსპორტიორი გახდეს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ფისტას ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა განუცხადა.

ოთარ ანგურიძის განმარტებით, დაახლოებით სამი წელია, რაც ფისტას გაშენებას საქართველოში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო, მას შემდეგ კი ქვეყანაში ფისტას პლანტაციების რაოდენობა 100 ჰექტრამდეა გაზრდილი.

„ჩვენი ასოციაციის ინფორმაციით, წელსაც რამდენიმე ათეულ ჰექტარზე იგეგმება ფისტას ბაღების გაშენება. რაც საწყის ეტაპზე იმედისმომცემი მაჩვენებელია. ფისტას მასიური მოსავალი ჯერ საქართველოში არ არის მიღებული. მისი პირველი ნაყოფის მიღებას დარგვიდან დაახლოებით 6-7 წელი სჭირდება. თუმცა, არის რამდენიმე შემთხვევა, როცა ოჯახურ პირობებში დარგულმა ფისტამ გაამართლა და ნაყოფიც გამოიღო,“ - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.

მისივე განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე ფისტას მოხმარება მზარდია, რაც ამ პროდუქტზე ფასების სტაბილურად ზრდას განაპირობებს.

„ფისტა მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია და მრავალმხრივი დანიშნულებით გამოიყენება. ვფიქრობ, იმ შემთხვევაში თუ კარგი ხარისხის ფისტის მოყვანას შევძლებთ, რისი რეალური საფუძველიც ნამდვილად გვაქვს, ჩვენს ფისტასაც მსოფლიო ბაზარზე საინტერესო პოზიციები ექნება,“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

Businesspartner