სოფლის მეურნეობა
21/01/2021

ასოციაცია: მსოფლიო ბაზარზე ქართულ ჩაიზე მაღალი მოთხოვნაა

2021 წელს, საქართველოში, ჩაის პლანტანციების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაში შევა. "ქართული ჩაის“  პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1200  ჰექტარი ფართობის გაველურებული ჩაის პლანტანციების რეაბილიტაცია, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა.  

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ქართული ჩაი, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლით გამოირჩევა და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნაც დიდია, თუმცა ადგილობრივი მცირე წარმოება ვერ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.

"საქართველოში  წლიურად  265  ტონა შავი და მწვანე ჩაი იწარმოება. მართალია რაოდენობა მცირეა, თუმცა ქვეყანას აქვს პოტენციალი ჩაის წარმადობა მნიშვნელოვნად გაზარდოს. 1985 წელს 152 000 ტონა შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით  70 ათასი ჰა ჩაის პლანტაცია არსებობდა. დასავლეთ საქართველოს ბევრ სოფელში მეჩაიეობა ცხოვრების წესად იქცა. წარმოების სხვადასხვა ეტაპზე დაახლოებით 180,000 ადამიანი იყო ჩართული ჩაის ღირებულებათა ჯაჭვში. 90-იანი წლებიდან, ქვეყანაში ჩაის წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება. ვიმედოვნებ, წელს აქტიურ ფაზაში შევა "ქართული ჩაის“ სახელმწიფო პროგრამა, სექტორში არსებული პრობლემები აღმოიფხვრება და ჩვენი საექპორტო პოტენციალი გაიზრდება,“ - განაცხადა თენგიზ სვანიძემ.

სექტორში არსებული პრობლემების დასაძლევად, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ცნობისთვის, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩაის პლანტანციების რეაბილიტაციის პროგრამაზე 2.5 მლნ ლარი დაიხარჯება.  

 

 

Businesspartner