ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე საქონლის ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.
„ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო ყველი აღარ იყიდება რესტორნებსა და სასტუმროებში. მით უმეტეს, ახლოვდება ზამთრის სეზონი და თივის მომარაგებაც ჭირს, ძვირია საკვებიც და საოჯახო მეურნეობებში საქონლის შენახვა უჭირთ. ჩემამდე მოდის ნფორმაცია, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ფერმერები ოთხფეხა პირუტყვის ხორცად გაყიდვას გეგმავენ. ეს ტენდენცია შეინიშნებოდა და ნელ-ნელა კიდევ უფრო იზრდება,“ - ამბობს ანა მიქაძე.
როგორც ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სახელმწიფომ ფერმების ორგანიზება უნდა დაიწყოს. კერძოდ, ანა მიქაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს საკვების მწარმოებელი ფერმები საკუთარი წისქვილებით, სადაც ხორბალი და ქერი დაითესება.
„ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა დაიწყო, ჯერ აშენდა ყველის საწარმოები, შემდეგ გაკეთდა ფერმები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს საკვების წარმოებაზე ფიქრი. თუ ეს არ მოწესრიგდა... უკუღმა დაწყებული არაფერი გამოდის. თუ არ გვაქვს საკმარისი მინდვრები და არ შეგვიძლია ამდენი ქერისა და ხორბლის მოყვანა, მაშინ უნდა არსებობდეს დასაწყობებული მარაგები, რათა ფერმერებმა საკვების შეძენა შეძლონ. სხვა შემთხვევაში ყველის საწარმოს გაკეთებას აზრი არ აქვს. რძე კი კარგი იქნება მაშინ, როდესაც იქნება კარგი საკვები,“ - ამბობს ანა მიქაძე.