სოფლის მეურნეობა
25/04/2023

აგრონომიული პლატფორმა Agronnect-ის აპლიკაცია სატესტო რეჟიმში ამუშავდა

ინოვაციური აგრონომიული პლატფორმა Agronnect-ის აპლიკაცია სატესტო რეჟიმში ამუშავდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“Agronnect-ის დამფუძნებელმა ირაკლი ჩიქავამ განუცხადა, აპლიკაცია მოწმდება და ყოველდღიურად ახლდება მიღებული ინფორმაციის საფუძელზე. მიზანია, რომ ის უფრო მორგებული გახდეს ფერმერზე, ასევე აგრონომზე.

„უკვე მოვიზიდეთ გარკვეული დაფინანსება, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ შეგვექმნა აპლიკაცია, დაგვეტესტა და გაგვეუმჯობესებინა. სატესტო გამოცდილება რაც გვაქვს, ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ აქამდე არ არსებობდა პირდაპირი წვდომა ცოდნაზე. ეს დაახლოებით ჰგავს იგივეს, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანამ გავხსნათ პორტალი და გვქონდეს წვდომა თანამედროვე სამედიცინო კონსულტაციაზე, რაც ასე აკლია ქვეყანას. ბარიერები რა თქმა უნდა, არსებობს. ფერმერი უნდა მიეჩვიოს იმ აზრს, რომ ტელეფონის მეორე მხრიდან ვიღაც შეიძლება, სწორ ინფორმაციას აწვდიდეს. ფაქტობრივად, ბრმად უწევს პირველ ეტაპზე ნდობა. თუმცა, როგორც კი ეს ყინული გალღვება, მივიღებთ უფრო მეტ მომხმარებელს, რომელიც კიდევ უფრო აქტიურად დანერგავს მიღებულ რჩევებს ყოველდღიურობაში“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ირაკლი ჩიქავამ.

მისი თქმით, სტარტაპის მიზანია ტექნოლოგიების საშუალებით ფერმერებს წვდომა ჰქონდეთ კვალიფიციურ აგრონომთან.

„ფერმერებს ექნებათ წვდომა კონსულტაციაზე, რჩევაზე, იმაზე, თუ როგორ მოიყვანონ და აწარმოონ უკეთესად, რაც საბოლოო ჯამში, უფრო ეფექტურ მწარმოებლად აქცევს ქვეყანს, გვექნება უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქცია და ფერმერი“ - განმარტავს ირაკლი ჩიქავა.

 

Businesspartner