სოფლის მეურნეობა
05/07/2021

"აგროფცა" საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გაშენებულ კაკლის ბაღიდან პირველ მოსავალს წელს მიიღებს

კომპანია "აგროფცამ" საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფცაში კაკლის ბაღი გააშენა. ბაღის ფართობი 15 ჰექტარია. კომპანია კაკლის პირველ მოსავალს წელს ელოდება.

პროექტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 79 000 ლარს აღემატება. კომპანიამ სახელმწიფოს მხარდაჭერით კაკლოვანი კულტურების შემნახველი მეურნეობაც მოაწყო.

„კაკალი პოპულარული კულტურაა, რომელიც, ბოლო წლებია, ინტენსიურად შენდება საქართველოში. „აგროფცას” პლანტაცია საოკუპაციო ხაზთან არის გაშენებული, აქედან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორია ოკუპირებულია.

ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფო პროგრამების თანადაფინანსებას მომავალ წლებში და ის ამბიციური მიზანი, რომ მეხილეობის ექსპორტმა ათ წლიან პერსპექტივაში, დაახლეობით, მილიარდი დოლარი შეადგინოს, აბსოლუტურად რეალისტური იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა "აგროფცის" კაკლის ბაღის დათბალიერებისას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება 576 000 ლარს აღემატება, შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა კი, 890 000 ლარს აჭარბებს. პროგრამით „დანერგე მომავალი“, ქვეყნის მასშტაბით, კაკალის ბაღი 3,231 ჰა-ზე გაშენდა, დაფინანსება 15.7 მილიონ ლარს აჭარბებს; მათ შორის, შიდა ქართლში კაკალი 576 ჰა-ზე გაშენდა, დაფინანსება 2.9 მილიონ ლარზე მეტია.