სოფლის მეურნეობა
11/11/2021

2024 წლიდან ნერგების სერტიფიცირება სავალდებულოა - სისტემის დანერგვაში EU და FAO დაგვეხმარება

2024 წლიდან, კერძო სანერგე მეურნეობებისთვის სარგავი მასალების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება, - ამას ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დადგენილება. ინიციატივის მომზადებაში საქართველოს ევროკავშირის EU4Business პროგრამა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) დაეხმარა.

2024 წლისთვის, სავალდებულო ხდება ევროპული CAC (Conformitas Agraria Communitatis) სტანდარტი, კლასიფიკაციის სისტემა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოხდეს ნერგების წარმოება და გაყიდვა.

დადგენილება აწესებს სანერგე მეურნეობებისთვის აკრედიტაციის მოთხოვნებს, რომლებიც წარმოებისა და მარკეტინგის პირობებს დაარეგულირებენ მცენარეებისა და მცენარეთა სარგავი მასალებისთვის. დადგენილება ფარავს ორ ძირითად ასპექტს სერტიფიცირების სისტემის დასანერგად: ხარისხის კონტროლის მექანიზმების დაცვას მცენარეთა სარგავი მასალების წარმოების პროცესში და მასალებზე ფიტოსანიტარულ პროცედურებსა და კონტროლს.

„დადგენილება საშუალებას მისცემს კერძო სანერგეებს, კომერციულად აწარმოონ მინიმალური, დადგენილი სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირებული ნერგები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

FAO-ს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანს ალვარესი ამბობს, რომ ხარისხიანი და მიკვლევადი სანერგე მასალების წარმოება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ღვინის, ხილისა და თხილის წარმოების სექტორებისთვის.

"ამ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი და FAO ტექნიკურ დახმარებას უწევენ კერძო სანერგე მეურნეობებს, რათა მათ ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეძლონ. ეს ნერგების წარმოების მიმართულებით გადადგმული პირველი მნიშვნელოვა ნიბიჯია, რაც, სამომავლოდ, ქვეყნისთვის საექსპორტო შესაძლებლობებს გაზრდის“, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა.