სოფლის მეურნეობა
20/04/2023

"2022 წელს ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობის, $252.5 მლნ-ის ღირებულების ღვინო"

2022 წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის, 103 მილიონ ლიტრამდე, 252.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2022 წელი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გამოწვევებით დაიწყო, რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა. ოთარ შამუგიამ ხაზი გაუსვა, რომ ღვინის ექსპორტის რაოდენობა გაზრდილია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი (ზრდა 32%), აშშ (28%), ლატვია (20%), გერმანია (34%), ესტონეთი (53%), იაპონია (68%).

გარდა ამისა, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ 2022 წელს, მევენახეებმა შემოსავლის სახით 270 მილიონამდე ლარი მიიღეს.

„შესრულდა სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას. 2022 წელს რთველში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამავდროულად, ოთარ შამუგიამ ისაუბრა იმის შესახებ, რომ ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში ჩაერთო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით, სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას განახორციელებს.

„პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის ღონისძიებები აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

მინისტრის განმარტებით, განსაკუთრებული პრიორიტეტია ბაზრების დივერსიფიკაცია. „2023 წელს, მარკეტინგული ღონისძიებებისათვის დაიხარჯება 14 მლნ ლარი.  ამ მიმართულებით ყოველწლიურად მზარდია როგორც ბიუჯეტი, ასევე აქტივობები“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპორტის განვითარებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა საჭიროება, უფრო მეტად იყოს დაცული ადგილობრივი ბაზარი და გაძლიერდეს მიკვლევადობის ინსტრუმენტები.

უწყების ცნობით, ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის პირვლი იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ვალდებულები არიან, მწარმოებლებს მოსთხოვონ შესაბამისობის სერტიფიკატი და ისე მოახდინონ რეალიზაცია. სამინისტროს მონაცემებით,მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გაცემული 2976 შესაბამისობის სერტიფიკატიდან, 794 სერტიფიკატი ადგილობრივი ბაზრისთვის არის გაცემული.

ამავდროულად, ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორებიცაა სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა. შამუგიას თქმით, სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების  დანერგვა ხელს უწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე.

გარდა ამისა, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ 2015-2022 წლებში, DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ეტაპობრივად ინერგება და სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო ხდება საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა.

მინისტრმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში 350-ზე მეტი კვლევაა დანერგილი, აქედან 95 % რეფერენს მეთოდია. როგორც აღინიშნა, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ბიზნესოპერატორებს ეძლევათ საშუალება, პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე მოახდინონ მისი კონტროლი.