ზურაბ აზარაშვილი: კლინიკებში, რომლებიც ხარისხიან მკურნალობას ვერ შეძლებენ, სანქციების გატარება მოგვიწევს
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს მზაობა, კლინიკებს სამედიცინო სერვისები დაუფინანსოს. თუმცა, კლინიკებმა მაღალი ხარისხის მკურნალობა უნდა უზრუნველყონ.
"2030 წლამდე სამოქმედო გეგმაში გაწერილი გვაქვს, რომელ წელს, რა ეტაპზე უნდა ვიყოთ ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით. 2030 წლის ბოლომდე უნდა ავიდეთ 90-95%-იან დაფარვაზე. ეს ნიშნავს, თუ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო მზად იქნება, მათ დასახმარებლად. დღეს ეს ნიშნული არის სადღაც 70%-ის ფარგლებში.
რადგან ჩვენ გვაქვს მზაობა, დავუფინანსოთ ეს სამედიცინო სერვისები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სერვისები იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის და ხარისხის, რადგან დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობენ შესაბამის გარემოში, შესაბამისიკვალიფიკაციის ექიმები და არის შესაბამისი მედიკამენტები გამოყენებული", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, DRG სისტემა საპილოტე რეჟიმში უკვე გაშვებულია და წლის ბოლომდე ყველა კლინიკაზე გავრცელდება.
"ჩვენი აზრით ეს ჩამოაყალიბებს იმ სამართლიან და ადკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე.
ძალიან გული მწყდება, რომ კლინიკების მხრიდან აპელირება ხდება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე. ჩვენ მხოლოდ ფინანსურს არ ვჯერდებით და აუცილებელია, ხარისხი იყოს ადეკვატური. არაფინანსური ნაწილიც მოწესრიგდეს. კლინიკებმა ის სტანდარტები, რასაც მოვთხოვთ, ეტაპობრივად დააკმაყოფილონ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, კლინიკებში ძალიან აქტიურად მიდის ინფექციის კონტროლის ღონისძიებები.
"ძალიან მნიშვნელოვანია, მკურნალობის პროცესში მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ინფექციის კონტროლის ღონისძიებას სისტემური ხასიათი მიეცა და არ არის მხოლოდ ერთჯერადი შემოწმება. არის კლინიკები, სადაც ორჯერ და ზოგ შემთხვევაში, სამჯერმივიდნენ. სანამ ეს სისტემურად არ მოწესრიგდება, თავს არ დავანებებთ. სამწუხაროდ, კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მოგვიწევს საყოველთაოდან ჩახსნა და შემდეგ უკვე მძიმე სანქციების გატარებაც", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მინისტრის თქმით, DRG-მდე ინდექსაცია არ იქნება.
"ინდექსაციის შემთხვევაში არ ვიცით საიდან უნდა გამოვიდეთ, ინფლაციას უნდა მივებათ, არ მივებათ. მაგალითად, ახლა ითხოვენ რეანიმაციას მივაბათო, რატომ რეანიმაციას და არა სხვას. ეს რამდენიმე თვიანი პროცესია, რასაც გეგმის მიხედვით მივყვებით. ვფიქრობ, ამ პროცესს უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ სამართლიანი ტარიფები იყოს. არ უნდა იყოს ისე, რომ დღეს რაღაც ტარიფი შემოვიღოთ, მერე როცა DRG შემოვა, იმან შეიძლება გვაჩვენოს, რომ ეს ტარიფი შესამცირებელია და არასერიოზული გამოვა ჩვენი მხრიდან", - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.