საზოგადოება
05/05/2022

ჟვანიას ქუჩაზე სკვერი ეწყობა - ბიუჯეტი 630 000 ლარია

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნ. ჟვანიას ქ. N28-ის მიმდებარედ 1 500 კვ. მ. ფართობზე სკვერს აწყობს.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება ბავშვთა გასართობი, თანამედროვე ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები.  ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება LED განათების სისტემა და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი.

"მთაწმინდის რაიონს კიდევ ერთი მაგარი სკვერი შეემატება.  ეს ტერიტორია სრულად მოუწესრიგებელი და დაბინძურებული იყო. მოსახლეობის ჩართულობით მიმდინარეობს სამუშაოები და მიხარია, რომ ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს ამ სივრცით სარგებლობას", - განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ.

სკვერის მოწყობის სამუშაოები ივნისის დასაწყისში დასრულდება.

პროექტისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 630 000 ლარი არის გათვალისწინებული.