საზოგადოება
05/09/2023

ვიდეო-ელექტრონული კურსი "გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის"

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, შეიქმნა ვიდეო-ელექტრონული კურსი, თემაზე - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის“. კურსის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების გააზრებას და გენდერული თანასწორობის დაცვას, როგორც საზოგადოებაში, ასევე ბიზნესის სფეროში. 

ვიდეო-ელექტრონული კურსი შედგება 17 ძირითადი მოდულისგან, რომლის შედეგად მსმენელი მიიღებს გენდერული თანასწორობის არსის შესახებ ცოდნას. კერძოდ: 

  • გაიგებს განსხვავებას სქესსა და გენდერს შორის; 
  • გაეცნობა ქალთა ძირითად უფლებებს, გენდერული დისკრიმინაციის ცნებას, დისკრიმინაციის მაგალითებს და მის სავალალო შედეგებს ინდივიდსა თუ საზოგადოებაზე; 
  • გაიაზრებს, თუ რა გავლენა აქვს სოციალურ ნორმებს თითოეული სქესის ქცევაზე, როლებსა და მათ მიმართ მოლოდინებზე; 
  • შესაძლებლობა მიეცემა კრიტიკულად გააანალიზოს ღრმად ფესვგამდგარი გენდერული სტერეოტიპები, რაც შემდგომ ქალთა მიმართ და გენდერულ დისკრიმინაციაში აისახება; 
  • საშუალება მიეცემა ამოიცნოს გენდერული უთანასწორობის საფუძვლები და სხვადასხვა გამოვლინებები, როგორიცაა ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია, რესურსებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა და სხვა; 
  • გაეცნობა გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმებს, ასევე ამგვარი ძალადობის გავლენას ინდივიდებსა და საზოგადოებაზე; 
  • გაიუმჯობესებს უნარებს ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების კუთხით, რადგან ვიდეო კურსის ფარგლებში განხილული იქნება პრაქტიკული ინფორმაცია ეროვნული კანონებისა და მექანიზმების შესახებ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით. 
  • მიიღებს ინფორმაციას საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტების შესახებ ქალთა უფლებების სფეროში; 
  • გაეცნობა ინფორმაციას ქალთა არათანაბარი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, პოლიტიკასა და მშვიდობის მშენებლობის ძალისხმევაში; 
  • გაიაზრებს, რა აუცილებელი პირობა უნდა არსებობდეს გენდერულ ინკლუზიურ გარემოს ჩამოყალიბებისთვის; 
  • მცირე და საშუალო მეწარმეთა საყურადღებოდ, კურსში განხილულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ქალთა გაძლიერების პრინციპები (WEPs), რომელიც დაეხმარება კომპანიებს (მცირე, საშუალო და მსხვილ საწარმოებს) ამ პრინციპების ინტეგრირებაში. აღნიშნული პრინციპები ბიზნესსა და ორგანიზაციებს აძლიერებს, რათა მათ ხელი შეუწყონ გენდერულ თანასწორობას სამუშაო ადგილზე, ბიზნეს აქტივობებსა და საზოგადოებაში და, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოზიტიური ცვლილებების, ბარიერების აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის. 

ამგვარად, კურსი ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საერთაშორისო პრინციპების პატივისცემასა და დაცვას, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო კონვენციებსა თუ დეკლარაციებში. ასევე, ვიდეო-ელექტრონული ტრენინგები გამიზნულია წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების, განსაკუთრებით კი მიზანი 5-ის (გენდერული თანასწორობა) მიღწევაში. 

გვსურს გაცნობოთ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, საიტზე ეტაპობრივად განთავსდება ვიდეო-ელექტრონული გაკვეთილები თემაზე - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთის.“ ასევე, კურსის სრული მასალა განთავსდება შემდეგ ბმულზე: ბმული

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ: www.gretaproject.ge

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ვიდეო-ელექტრონული კურსის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

Businesspartner