ვებსტერ საქართველომ ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან "ქალები მომავლისთვის" მემორანდუმი გააფორმა
ვებსტერ საქართველომ ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დაიგეგმა აქტივობები, რომლებიც სტუდენტი და მეწარმე ქალებისთვის ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, საჯარო ლექციები, ტრენინგები, მასტერკლასები და სხვა. განხორციელდება საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები.
ღონისძიება ვებსტერ საქართველოს ახლადგახსნილ კამპუსში გაიმართა, რომელსაც ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე და წევრები ესწრებოდნენ. მათთვის სპეციალური პრეზენტაცია ჩაატარეს ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა და აკადემიური საბჭოს წევრმა ერიკ კლიკმა და ვებსტერ საქართველოს ვიცე რექტორმა ემინ ჰაჯიევმა. სტუმრებისთვის სპეციალურ ტურს უნივერსიტეტში ვებსტერის წარმომადგენლები უძღვებოდა.
ვებსტერ საქართველო 2-წლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC)-ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.
ვებსტერი ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსში აშშ-ში, მისოურის შტატში მდებარეობს. პარალელურად ვებსტერის უნივერსიტეტს სასწავლო კამპუსები აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, ტაილანდში, განასა და საბერძნეთში.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ვებსტერის უნივერსიტეტი ლიდერ პოზიციას იკავებს იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალში, რომელშიც ბევრი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. ის საზღვარგარეთ სწავლისთვის საუკეთესო უნივერსიტეტადაა მიჩნეული. Forbes-ის 2018 წლის სარეიტინგო სიაშიც პირველ ადგილზეა, როგორც საუკეთესო უნივერსიტეტი საზღვარგარეთ პროგრამებისთვის.
ვებსტერის უნივერსიტეტი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად აღიარებულია მრავალი გავლენიანი სარეიტინგო სისტემის მიერ, როგორიცაა: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.