საზოგადოება
02/02/2021

ვაქცინის მოლოდინში - საქართველო Pfizer-ის 29 250 დოზას თებერვლის ბოლომდე მიიღებს

საქართველო Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას თებერვლის ბოლომდე მიიღებს, - ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. შესაბამისი მონაცემების შეგროვება სპეციალურ პორტალზე უკვე დაწყებულია.

პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. სამ დიდ ქალაქში შერჩეულია 10 საავადმყოფო და დამატებით 5 სარეზერვო კლინიკა, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება - ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს. თითოეული აცრის შემდეგ, ბენეფიციარს მეორე ინექციისთვის 3 კვირის შემდეგ დაიბარებენ.

გეგმის აღსრულების დეტალებზე ისაუბრეს სპეციალური კომისიის სხდომაზე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 40 ბრიგადა დღის განმავლობაში 1 000-მდე ადამიანის აცრას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებით 14 ათასი მედიკოსის აცრას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

მიღებული ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი, ულტრა დაბალი ტემპერატურული რეჟიმი - მინუს 70-80 გრადუსი.

სამედიცინო პერსონალის აცრის შემდეგ ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები და პერსონალი აიცრება, შემდეგ - ასაკობრივი გრადაციით განსაზღვრული პირები და სხვა ჯგუფები.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. აცრა ნებაყოფლობითია.