ვახტანგ გომელაური: სახელმწიფო საზღვარზე კონტროლი გაძლიერებულია
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და დასავლეთს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ, რომ ომი მალე დამთავრდეს.
"ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მტკივნეულია. 2008 წელს ომით, ამ აგრესიით გამოწვეული შედეგები ჩვენს საკუთარ სამშობლოში გამოვცადეთ და გადავიტანეთ. ამ ტრიბუნიდან, მე როგორც რიგითი ქართველი და შს მინისტრი, კიდევ ერთხელ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ძალიან მძიმე ვითარებაა უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობა განსაცდელშია, იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, იბომბება ქალაქები, სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია. საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. საქართველოს მთავრობა პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას, ამასთან, საქართველოდან შეუფერხებლად იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.
მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია.
"შსს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რათა მიმდინარე მოვლენების პარალელურად ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება. გაძლიერებულია კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე. არცერთ ქვეყანას სახელმწიფო საზღვარი 100%-ით არ აქვს დაცული, მათ შორის ჩვენზე დიდ და ძლიერ ქვეყნებს, თუმცა, შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი საზღვარი - როგორც გამტარი პუნქტები, ასევე ე.წ. მწვანე საზღვარი", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.