ვახტანგ ჭარაია: შექმნილი ვითარება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას უქმნის საფრთხეს
Fitch-ის სარეიტინგო ქულის უცვლელად დატოვების ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური სტაბილურობა იყო, თუმცა ეს რამდენიმე დღეში გაქარწყლდა - ამბობს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.
ვახტანგ ჭარაიას მტკიცებით, შექმნილი ვითარება პირველ რიგში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას უქმნის საფრთხეს და ეს როგორც ოპოზიციამ ასევე მმართველმა გუნდმა კარგად უნდა გაიაზროს.
„ფაქტობრივად რამდენიმე დღეში გაქარწყლდა საქართველოში არსებული პოლიტიკური სტაბილურობის შესახებ დებულება. Fitch-ი რეიტინგის უცვლელად დატოვების დროს ამ ფაქტს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ზოგადად ქვეყანაში სულ იყო დაპირისპირება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ხშირ შემთხვევაში ამ დაპირისპირებას რაიმე გარდამტეხი ცვლილება არ მოაქვს, თუმცა ამჯერად „გარედან“ ყველაფერი შეიძლება სხვანაირად გამოჩნდეს. ინვესტორების შეხედულებები იმის შესახებ რამდენად სტაბილურია ქვეყანა ასეთი პროცესების შედეგად - უარესობისკენაა ხოლმე გადახრილი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აზიანებდეს ქვეყნის ეკონომიკას და ამისთვის დაპირისპირებულმა მხარეებმა დროულად უნდა მიაღწიონ კონსესუსს. ვადამდელი არჩევნები იქნება ეს თუ ვინმეს დაჭერა, უნდა ჯდებოდეს კანონის ფარგლებში იმგვარად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს ჩრდილი არ მიაყენოს,“ - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის აზრით, მნიშვნელოვანია ამ არასტაბილურობას ვაქცინაციის პროცესის შეფერხებაც არ მოყვეს. მისი აზრით, პრემიერის გადადგომამ შესაძლოა პროცესების შეფერხება გამოიწვიოს, რაც ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს.
„აუცილებელია ვიმუშაოთ იმაზეც, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა ვაქცინაციის პროცესის შეფერხება არ გამოიწვიოს. ეს თუ ასე მოხდა და ვაქცინის შემოტანა ან აცრის პროცესი ქვეყნაში დროულად არ მოხერხდა, მაშინ ვერც ეკონომიკური აქტივობის განახლება მოესწრება და ეს გამოუსწორებელ შედეგებზე გაგვიყვანს", - ამბობს ჭარაია.
ცნობისთვის დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა. მმართველი გუნდის განცხადებით, პრემიერის ახალ კადიდატს ხვალ დაასახელებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო დღეს ჩაინიშნა.