USAID-ი ოთხ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე იწყებს მუშაობას
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) იწყებს მუშაობას ქუთაისის, ტყიბულის, მესტიის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებთან, რათა ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობით მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
დღეს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ გადადგა პირველი ნაბიჯი საქართველოს კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაუმჯობესებას და მუნიციპალურ დასახლებებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაზრდას. ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომლებსაც დღეს ხელი მოეწერა ქუთაისის, ტყიბულის, მესტიის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებთან ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის მხარდასაჭერად.
ურთიერთგაგების მემორანდუმები ასევე წარმოადგენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, ადგილობრივი ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. თანამშრომლობა შეეხება თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ სისტემებსა და სერვისებს, და მოხდება მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სოციალური მომსახურება, მყარი ნარჩენების მართვა, მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლამდელი განათლება, ციფრული სერვისები და სხვა საკითხები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად. პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის საშუალებით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს, სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.
აღნიშნული სამი მუნიციპალიტეტი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პირველი წლის 11 პარტნიორ მუნიციპალიტეტს შორის არის შერჩეული. მათ გაიარეს მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესი, აჩვენეს მაღალი ინტერესი და მზაობა იმუშაონ მუნიციპალური ეფექტურობის და ანგარიშვალდებულების ამაღლებაზე, საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდაზე.
USAID-მა ჩაატარა სამუშაო შეხვედრები 11 პარტნიორი მუნიციპალიტეტთან, თანაშექმნის პრინციპების გამოყენებით, თითოეული მუნიციპალიტეტის გამოწვევებისა და პრიორიტეტული საჭიროებების გამოსავლენად. შედეგად, შემუშავდა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები, რომელიც საფუძვლად დაედო თითოეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 30 წელზე მეტი პარტნიორობის შედეგად, USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: