საზოგადოება
03/02/2021

თუ მძღოლები ავტომობილებს ველობილიკებსა და საავტობუსე ზოლებში გააჩერებენ, დაჯარიმდებიან

მძღოლები, რომლებიც ავტომობილებს ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებსა და ზებრა გადასასვლელებზე გააჩერებენ, დაჯარიმდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით.

„როგორც იცით, ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, რაც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ. ასევე, გავაფრთხილეთ „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლები, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ამ რთულ ვითარებაში მძღოლების დაჯარიმებისგან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა იყოს. ეს დამოკიდებულება კატეგორულად მიუღებელია. გვაქვს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით. ტროტუარებსა და  ზებრა გადასასვლელებზე  ავტომობილების გაჩერება, ე.წ. ბასლეინებზე დაპარკინგება და ავტომობილების დატოვება. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს ეს დამოკიდებულება. ის, რომ  ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ საავტობუსე ზოლებით მაშინ, როდესაც არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაქსიმალურად ვცდილობთ, კომფორტი შევუქმნათ მათ, არ დავაჯარომოთ, ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა დავარღვიოთ და განუკითხაობა იყოს დედაქალაქში. არ არის სწორი ეს მიდგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.