თსუ ჭკვიანი დაფებით აღიჭურვა, კორპუსების რეაბილიტაცია კი 2023 წლისთვის დასრულდება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი რეაბილიტაცია წელს დასრულდება. სარემონტო სამუშაოები განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ 27 მლნ ლარით დააფინანსა.
უნივერსიტეტის აუდიტორიები ე. წ ჭკვიანი დაფებით აღიჭურვა. ამ დროისთვის სულ 10 ჭკვიანი დაფაა (ე.წ. სმარტ ბორდი), რაც დისტანციური სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის გამოიყენება. დაფები ყველა სასწავლო კორპუსში განთავსდა და ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად ფონდმა „ქართუ“ გადასცა.
უნივერსიტეტში პრემიერს და მინისტრს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა. მან აღნშნა, რომ თსუ-ს მეორე კორპუსში პირველ ეტაპზე განხორციელდა შენობის გამაგრების სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპზე კი ეწყობა სახანძრო და გაგრილება-ვენტილაციის სისტემები, ლიფტები. სულ რემონტდება 25 000 კვ.მ. ფართობი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული. 2023 წლის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი, ისტორიული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის 10 მილიონი აშშ დოლარით ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. სარემონტო სამუშაოებისას, რომელიც 2008-2011 წლებში მიმდინარეობდა, პირველი კორპუსში შეიცვალა სახურავი, გადახურვა და ფანჯრები, წყლის სისტემები, დამონტაჟდა გათბობის სისტემები, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, განათებები, დამონტაჟდა ლიფტი, ფასადს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. თსუ-ს პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში, სააქტო და საგამოფენო დარბაზებში მოეწყო კონდიცირების სისტემები, ასევე - კეთილმოეწყო შიდა ეზო.
გიორგი გახარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.