2022/2023 სასწავლო წელს საქართველოში კერძო სკოლების საშუალო ფასია 6500 ლარი, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ზოგად განათლებას ეხება.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია,რომ მომდევნო წელს მოსალოდნელია ფასების 5-10%იანი ზრდა.
მოსახლეობის შემოსავლების ანალიზმა აჩვენა, რომ საშუალოდ ქართული ოჯახი 2023 წელს, თავისი შემოსავლის დაახლოებით 37%-ს ხარჯავს კერძო სკოლის გადასახადში. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო 2020-პანდემიურ წელს, რაც შემცირებული შემოსავლებით აიხსნება.
თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წელი ხელმისაწვდომობა კერძო სკოლებზე გაზრდილია. იქედან გამომდინარე, რომ სწავლის საფასური არ შემცირებულა, კერძო სკოლებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა გაზრდილი საშუალო შემოსავლებით აიხსნება.
"კერძო სკოლების ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად იზრდებოდა 2018-2021 წლების პერიოდში. 2021 წლის ბოლოსთვის, ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 176 მილიონ ლარს მიაღწია. კერძო სკოლების საშუალო EBITDA მარჟა სტაბილურია, თუმცა 2020 წელს მარჟამ 25%-ს მიაღწია, რაც აღნიშნულ პერიოდში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შედეგად შემცირებული საოპერაციო ხარჯებით აიხსნება. რაც შეეხება წმინდა მოგების მარჟას 2020 წელს 13%-დან 10%-მდე შემცირდა წინა წელთან შედარებით. 2021 წელს გაზრდილი წმინდა მოგების შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებელი მაღალ ნიშნულს, 18%-ს დაუბრუნდა.
2022/2023 სასწავლო წელს 2,086 საჯარო და 216 კერძო სკოლა ფუნქციონირებდა საქართველოში. საჯარო სკოლების რაოდენობა თითქმის უცვლელია, ხოლო კერძო სკოლების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში კლებულობს. პანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების, მაღალი ფიქსირებული ხარჯებისა და მაღალი კონკურენციის პირობებში, ზოგიერთმა კერძო სკოლამ დატოვა ბაზარი ან შეუერთდა სხვა სკოლას, რამაც საერთო ჯამში კერძო სკოლების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, კერძო სკოლების წილი სკოლების ჯამურ რაოდენობაში სტაბილურად 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს 9%-მდე შემცირდა.
საჯარო სკოლებთან შედარებით მოთხოვნა კერძო სკოლებზე ბოლო წლების განმავლობაში მეტად მზარდია. გამონაკლისი იყო პანდემიური წელი, როდესაც ლარის სწრაფად გაუფასურებამ ზოგიერთი კერძო სკოლის ინდექსირებული სწავლის საფასური მკვეთრად გაზარდა, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის შემოსავლების შემცირებამ მოსწავლეთა საჯარო სექტორში დენადობას შეუწყო ხელი. პანდემიური წლის შემდეგ შეინიშნება მოსწავლეთა რაოდენობის აღდგენა კერძო სკოლებში,"-აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.