საზოგადოება
23/09/2020

თბილისში მალე FORD-ის ახალი მიკროავტობუსები გამოჩნდება

მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და თბილისში FORD-ის 300 მიკროავტობუსი ოქტომბერში შემოვა.

გამარჯვებულმა კომპანიამ 300 ახალი მიკროავტობუსი 180 დღის განმავლობაში უნდა შემოიყვანოს.

„ოქტომბერში ნაწილი ადგილზე იქნება და დანარჩენიც 180 დღის განმავლობაში შემოვა. ეს სამასი ერთეული საკმარისი არ არის და საჭირო იქნება დამატებით შესყიდვაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში ადრე 3000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, თუმცა ახლახან წამოწყებული სატრანსპორტო რეფორმით, მათი რაოდენობა 1200-მდე შემცირდება.  

„ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ მთლიანად მოდერნიზებას ვაკეთებთ ავტობუსების ქსელის და მარშრუტების. ქალაქში ძირითადად იმოძრავებს 12, 10, 8 მეტრიანი ავტობუსები, თუმცა რელიეფიდან და ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საჭიროა მიკროავტობუსებიც. ეს ყველაფერი ისე იქნება ინტეგრირებული და დალაგებული, რომ კომფორტული იყოს მგზავრობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.