საზოგადოება
15/08/2023

თბილისს კიდევ 30 ელექტროდამტენი შეემატება - რა ლოკაციებზე განთავსდება ისინი

თბილისს კიდევ 30 ელექტროდამტენი შეემატება. 

ახალი ელექტროდამტენები განთავსდება: ვაკის რაიონში 5 ელექტროდამტენი, საბურთალოს რაიონში - 4, დიდუბეში - 4, ნაძალადევში - 2, ჩუღურეთში - 2, მთაწმინდაზე - 3, ისანში - 4, გლდანში - 1, სამგორში - 3, კრწანისში - 2.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მათ ოპერირებას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

მერის თქმით, იმისათვის, რომ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, 20 დამტენი განთავსდება ოთხ ლოკაციაზე. კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური, ექვს-ექვსი დამტენით გზის ორივე მხარეს; ასევე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გორის მიმდებარედ ერთი სადგური, ოთხი დამტენით დასავლეთის მიმართულებით; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ერთი სადგური, ოთხი დამტენით.

თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას კომპანია „საკენი ბიოგრაფი“ უზრუნველყოფს, რომელიც „ვისოლი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა.

„სატრანსპორტო პოლიტიკა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. რეფორმა, რომლის განხორციელება დავიწყეთ, ბევრი სიახლისგან შედგება. ელექტრომობილების წახალისება ამ რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. ამ მიზნით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩვენ უკვე 60-მდე ერთეული ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ. დღესაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ სარგებლობა. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება, რათა ადამიანებმა არჩევანი ელექტრომობილების სასარგებლოდ გააკეთონ. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში ელექტრომობილების რიცხვი იზრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner