საზოგადოება
15/06/2022

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები Passenger Terminal Expo-ში მონაწილეობენ

15-17 ივნისს, პარიზში საავიაციო სფეროში ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური გამოფენა Passenger Terminal Expo იმართება.

ფორუმში მონაწილეობას მსოფლიოს წამყვანი აეროპორტების, ავიაკომპანიებისა და საავიაციო სფეროში ჩართული კომპანიების 2000-მდე ხელმძღვანელი იღებს. 19000კვ.მ-ზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში დელეგატებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უახლეს სააეროპორტო ტექნოლოგიებს, მომსახურების სფეროში ინოვაციურ პროდუქტებს, არქიტექტურულ და სამშენებლო სერვისებსა და ა.შ

წლევანდელი Passenger Terminal Expo-ს მასპინძელი და მთავარი ორგანიზატორი TAV Airports-ის მთავარი აქციონერი Aeroport De Paris-ია. წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემები საავიაციო სფეროში პოსტ-პანდემიური გამოწვევებია, ინდუსტრიის დეკარბონიზაცია და საარეპორტო ბიზნესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა. ღონისძიების ფარგლებში დელეგატებს სიტყვით TAV Airports-ისა და Aeroport Deparis-ის პრეზიდენტები მიმართავენ.

ფორუმში მონაწილეობას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia–ც იღებს.

TAV Georgia–ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ამბობს, რომ საავიაციო სფერო ნელ-ნელა პანდემიამდელ ნიშნულებს უბრუნდება, თუმცა ინდუსტრიაში კვლავ რჩება ეკონომიკური, სოციალური და უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები.

"მსგავსი ღონისძიებების მიზანია გამოცდილება გავუზიაროთ სხვა აეროპორტებს, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე გავაუმჯობესოთ ჩვენი აეროპორტების მომსახურების ხარისხი და დავამკვიდროთ მგზავრზე მორგებული სერვისის უმაღლესი სტანდარტი. მიღებული ინფორმაციისა შედეგად კი, დავაჩქარებთ პანდემიამდე ციფრების დაბრუნებასა და არსებული გამოწვევების უმოკლეს დროში გადაჭრას. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ არქიტექტული და სამშენებლო კომპანიებიც, მათ მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები საშუალებას მოგვცემს, სამომავლოდ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის სწორი კონცეფტები შევიმუშავოთ"–აღნიშნა თეა ზაქარიძემ.

ცნობისთვის, უმაღლესი დონის სააეროპორტო კონფერენცია Passenger Terminal Expo 1998 წელს დაფუძნდა. გამოფენას ყოველწლიურად 130 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მსოფლიოში წამყვანი საავიაციო ბიზნესის ხელმძღვანელების პრეზენტაციებს, მათ ხედვებსა და გამოცდილებას გაეცნონ.

TAV Georgia TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული $220 მლნ–ის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ TAV Airports Holding მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით TAV Georgia ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.