საზოგადოება
07/07/2022

თბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალი იწყება

თბილისი 7-9 ივლისს, რიგით 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს.

ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებას შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან. 

7 ივლისი - ხუთი გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული;

8 ივლისი - მისტიური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც აერთიანებს ჯაზის სამ ლეგენდას: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი ;

9 ივლისი - მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეი აიერი და მისი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი. 

წლევანდელი საიუბილეო ჯაზფესტივალის მასპინძელია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში გაიმართება ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „როგორ მესმოდა...“, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო. 

19:30 საათიდან დარბაზში - „ჯაზსინემა“ მოეწყობა კახა თოლორდავას ფილმის - „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება. მაყურებელი ასევე, იხილავს გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს - „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი). პარალელურად, დარბაზში - „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ. 

21:00 საათიდან მთავარ დარბაზში - „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება. 

23:00 საათიდან სივრცეში - „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარსდგებიან. 

ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ მოაწყობს ვინილების გამოფენა-გაყიდვას. ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიხსნება. 

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. „თიბისი“ კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი, ხოლო „თიბისი“ ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.