საზოგადოება
11/01/2021

თბილისის მეტრო 55 წლისაა - რა პროექტები ხორციელდება მეტროპოლიტენში

თბილისის მეტრო 55 წლისაა.
 
თბილისის მეტროს “დიდუბე” “რუსთაველის” 6,5 კმ-იანი მონაკვეთი ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა.
 
როგორც თბილისის მეტროში განმარტავენ, თბილისის მეტრო ყოველდღიურად 400-დან 450 ათასამდე მგზავრს ემსახურება, თუმცა პანდემიის ფონზე, 28 ნოემბრიდან, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტროც გაჩერებულია.
 
ამ დროისთვის მიმდინარეობს მეტროს რეაბილიტაციის რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსება. საფინანსო ინსტიტუტმა ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე მეტროს რეაბილიტაციისთვის, 75 მლნ ევროს სესხი გამოყო, საიდანაც 65 მლნ ევრო EBRD-ს, დანარჩენი მწვანე კლიმატის ფონდს (GCF) ეკუთვნის.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეტროს ვაგონების და დეპოების განახლება.

როგორც 2020 წლის ბოლოს კახა კალაძემ განაცხადა, პანდემიამ გარკვეული პროექტები გადადო, თუმცა მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამოიცვალა ძალოვანი კაბელები, ამ დროისთვის ჩანაცვლებულია 450 კმ-ზე მეტი კაბელები, შეცვლილი და დამონტაჟებულია გამნიავებელი სისტემები და აგრეგატები, განახლებულია მეტროს ვაგონების 15 შემადგენლობა, ახალი ვაგონების შეძენაზე კი ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვებული მარტში გამოვლინდება.

რაც შეეხება ძალოვანი კაბელების პროექტს, სამუშაოებს თურქული კომპანიების კონსორციუმი (Dogus და Elsitel) აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის“ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს. პროექტის ღირებულება 15 მლნ დოლარია. 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთიანი გადახდის სისტემა ინერგება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათნახევრის განმავლობაში მომხმარებელი საზოგადოებრივ ტრანსპოსრტის ერთი გადახდით ისარგებლებს. თბილისის მერმა განაცხადა, რომ მუშაობა დაწყებულია და 2021 წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ სისტემით სარგებლობა.