საზოგადოება
19/05/2022

თბილისის მერიის პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი" დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე.

პროგრამა  ითვალისწინებს  თბილისში  რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ  მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის  ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას.    

პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების,  კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის,    ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში.

ამ ეტაპზე, 1 000-მდე მოქალაქე გაივლის მომზადება/გადამზადებას შემდეგ სახელმწიფო  პროფესიულ კოლეჯებში: „მერმისი“, „იკაროსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების  ცენტრი“ და „სპექტრი“. 

ბენეფიციარების  შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

თბილისში რეგისტრაცია;

მინიმალური ასაკი 18 წელი;

თითოეულ  სპეციალობაზე  სწავლის ხანგრძლივობა არის არაუმეტეს სამი თვე და სასწავლო პროცესი  მოიცავს  როგორც  თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სახელმწიფო სერტიფიკატი.

რეგისტრაციის ვადები: 18 - 30 მაისი. სასწავლო პროცესი კი დაიწყება 6 ივნისიდან.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.dasakmdi.ge.