საზოგადოება
28/04/2022

თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ 5 ოჯახს გადასცა

თბილისის მერიამ უსახლკაროთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით კიდევ ხუთი ოჯახი დააკმაყოფილა.

თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს საცხოვრებლით, ჯამში, 60 უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება.

"წინასაარჩევნოდ ჩემი ერთ-ერთი დაპირება თბილისელი უსახლკაროების საცხოვრებლით დაკმაყოფილება იყო. ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება, მაგრამ პარალელურად, ვებრძვით უკანონო მშენებლობებს, სახელმწიფო მიწების მიტაცებას. ამას არ დავუშვებთ. თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მოპოვებამდე, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელ ფართს ქირაობს.  ამაში მილიონობით ლარი იხარჯება. ამიტომაც, დავიწყეთ უსახლკაროთა პროგრამის განხორციელება. დღეს კიდევ ხუთ  ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელს. მომდევნო წლებში, ფართით 400 ოჯახი დაკმაყოფილდება. მათ კი, ვისაც ჯერ არ აქვს უსახლკაროთა სტატუსი მოპოვებული, თავიანთი რაიონების გამგეობებს უნდა მიმართონ", - განაცხადა კახა კალაძემ.