თბილისის მერიამ მიკროავტობუსების 200-ზე მეტი მძღოლი დააჯარიმა
თბილისის მერიამ მიკროავტობუსების 200-ზე მეტი მძღოლი დააჯარიმა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მერიაში მგზავრების მხრიდან ფიქსირდებოდა საჩივრები იმასთან დაკავშირებით, რომ მიკროავტობუსის მძღოლები გაჩერებაზე მგზავრებს არ უჩერებენ.
მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მიკროავტობუსში ადგილი არ არის, თუმცა მძღოლების მხრიდან თვითნებობის შემთხვევებიც დაფიქსირდა.
"ჩვენ ყოველთვის მონიტორინგს ვატარებთ და იყო შემთხვევები, როდესაც მიკროავტობუსში იყო ადგილები და მძღოლი მგზავრს არ უჩერებს. აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ეს დამოკიდებულება მიკროავტობუსების მძღოლების მხრიდან. რა თქმა უნდა ყველას არ ეხება. დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული. მონიტორინგი გაგრძელდება. მინდა მივმართო მგზავრებსაც, ვისაც გექნებათ ასეთი შემთხვევა, აუცილებლად მოგვმართეთ და მერწმუნეთ, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება", - აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა რადიკალურად შეცვლილია, თუმცა რჩება ხარვეზები, რომელიც გამოსწორდება.
"აქამდე მიკროავტობუსის მძღოლები გამომუშავებაზე იყვნენ - რაც უფრო მეტ მგზავრს აიყვანდნენ, მით უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდათ მათ. ეს პრობლემას წარმოადგენდა იმ თვალსაზრისით, რომ მიკროავტობუსები ყოველთვის გაუმართავი იყო, ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა კონდიცირების არარსებობა. რეალურად, კონდიცირება არსებობდა მიკროავტობუსებში, უბრალოდ მძღოლი არ რთავდა მიზანმიმართულად, იმიტომ, რომ საწვავი ეხარჯებოდა და ეს თანხებთან იყო დაკავშირებული. ასევე პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მათ ყველგან შეეძლოთ მგზავრის აყვანა, რაც მგზავრობის ძალიან დიდ დროსთან იყო დაკავშირებული. ასევე პრობლემას წარმოადგენდა სხვა ავტომობილებისთვის. ეს აფერხებდა მოძრაობას. მთლიანად შეიცვალა ეს მიდგომა. მიკროავტობუსის მძღოლები გადაყვანილები არიან ხელფასზე. დღეს ერთი აბონიმენტით შესაძლებელია მგზავრობა როგორც მიკროავტობუსით, ისე ავტობუსით, მეტროთი და ყველგან ერთნაირი ტარიფია, ულიმიტო სისტემაა, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო ამ რეფორმის დროს. თუმცა, გარკვეული ხარვეზები არსებობს და ცხადია, როდესაც ამხელა რეფორმა კეთდებოდა, ველოდებოდით, რომ ხარვეზები იქნებოდა, მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებთ, ყველაფერს მივყვებით- სად არის შეფერხება, სად აგვიანებს ტრანსპორტი, სად სჭირდება დამატება, რომელ მარშრუტს სჭირდება გაუმჯობესება და ა.შ. ყველაფერი გამოსწორდება და იდელურობამდე მივა", - განაცხადა კახა კალაძემ.