საზოგადოება
04/05/2022

თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია.

თბილისის მერის განცხადებით, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერანების შეკრება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკი) მოხდება, რადგან ვაკის პარკში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

"ჩვენ გვაქვს ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა. ომის ვეტერანებს 600 ლარით დავეხმარეთ. ეს შეიძლება დიდი თანხა არაა, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში, ვფიქრობ, გარკვეული ხელშემწყობი ღონისძიებაა. ჩვენი მხრიდან მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს მათთვის, რაც შესაძლებელი იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ფინანსური დახმარება გაუწია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მეუღლეებს, რომლებსაც ერთჯერადად, 300 ლარი გადაეცათ. თბილისის მერია, ჯამში, 130 პირს დაეხმარა. 

თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე განხორციელდა.