TAV Georgia: თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში სიხშირეები იზრდება, გვემატება ახალი ავიაკომპანიებიც
კომპანია TAV Georgia ფრენის სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს რამდენიმე ავიაკომპანიასთან აწარმოებს. თბილისისა და ბათუმის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაც სურს.
„ბიზნესპარტნიორთან“ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე, თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ ამ პროცესს ხელი ბათუმის აეროპორტში გაფართოების პროექტმაც უნდა შეუწყოს.
„მიმდინარე წლის ზაფხულში 2019 წლის ზაფხულთან შედარებით მგზავრთნაკადის 50%-მდე აღდგენას ველოდებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ველოდებით ახალ ავიაკომპანიებს. მოლაპარაკებებს ყველა არსებულ ავიაკომპანიასთან ვაწარმოებთ. ზაფხულიდან სიხშირეებიც იზრდება და ახალი ავიაკომპანიებიც შემოდიან ბაზარზე. ამ ეტაპზე, 1-ელი აპრილიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში 30-მდე რეისი შესრულდება და 12 ავიაკომპანია იფუნქციონირებს. ამ ეტაპზე ისრაელიდან 3 ავიაკომპანია დაფრინავს და სრულდება საკმაოდ ბევრი რეისი, ეს მისასალმებელია. ასევე დაფრინავს Turkish Airlines, უკრაინიდან კიდევ რამდენიმე ავიაკომპანია, ოპერირებას იწყებს Pegasus-ი.
ველოდებით, რომ კიდევ უფრო პოპულარული გახდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული სეგმენტი ჩვენთვის ისრაელია, რაც პირველივე დღეებიდან აისახა ბათუმზე“,- განაცხადა ზაქარაძემ.