TAV Georgia-ს საქართველოში ოპერირების ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას, TAV Georgia-ს საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ვადა 2027 წელს ეწურება. თუმცა, თურქულ კომპანიას დოკუმენტის ვადის გახანგრძლივება და ქვეყანაში დარჩენა სურს.
„2027 წლის თებერვალში იწურება ჩვენი ხელშეკრულება თბილისთან, ხოლო მაისში ბათუმთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ფორსმაჟორის მერე, სავარაუდოდ, რაღაც პერიოდით გაგრძელდება, კონკრეტულად არ ვიცი. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანაში ვართ. ახლახანს ვიყიდეთ ყაზახეთში ალმაატას აეროპორტი. სხვადასხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა, ჩვენი განწყობა ის არის, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციით სამომავლოდ გავიხანგრძლივოთ ჩვენი ოპერორების ვადა“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ.
ფრანგულ-თურქული კომპანიასთან საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება (Build Operate Transfer – BOT) 2005 წელს გააფორმა, თუმცა 2015 წელს მხარეებს შორის განახლებული ხელშეკრულება გაფორმდა. სწორედ ამ ხელშეკრულების თანახმად, Tav Georgia-ს საქართველოში ოპერირების უფლება 2027 წლამდე განისაზღვრა.