საზოგადოება
20/09/2023

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: მოწევის რეგულაციები ყველაზე ხშირად საჯარო სექტორში ირღვევა

მოწევის რეგულაციებს მეტ წილად საჯარო სექტორში უარყოფენ, - ასეთია ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ყოველთვიური მონიტორინგის შედეგები.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, მესამე წელია ჩავარდნილია თამბაქოს კონტროლის ფართომასშტაბიანი, სახელმწიფო, საკომუნიკაციო პროგრამები და როგორც ჩანს, ამიტომაც საჯარო სექტორში დასაქმებულების ნაწილს მოწევის რეგულაციებიც დაავიწყდა და მათი აღსრულების ვალდებულებაც.

"მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე და უამისოდაც ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი საჯარო დაწესებულების შენობა შევამოწმოთ, რა დროსაც მთელ რიგ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. მონიტორებს საგანგებო ნებართვების გარეშე თითქმის არცერთ საჯარო დაწესებულებაში არ უშვებენ. მათი დაყოვნების პროცესში კი ახერხებენ მოწევის რეგულაციის დარღვევის ძირითადი კვალის: საფერფლეების და ნამწვის დამალვას.

დაჯარიმებულ საჯარო დაწესებულებებს შორის მოხვდნენ, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები, მერიები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ამჯერად წყალტუბოდან მოქალაქეებმა მოგვმართეს და სწრაფი რეაგირების შედეგად,  წყალტუბოს მერიის შენობაში იჯარით მყოფი ორგანიზაცია დაჯარიმდა. საფერფლეები და ნამწვი შემჩნეულია ქუთაისის მერიაშიც.

მოსახლეობა გვთხოვს, რომ მონიტორები დავამატოთ მეტი დარღვევის გამოსავლენად. თუმცა, ამ პროცესს ასიათასკაციანი ჯარიც ვერ ეყოფა, თუ კანონის აღსრულების მონიტორი თითოეული ჩვენგანი არ გახდება და თვალს არ დავხუჭავთ არცერთ შემთხვევაზე.

ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის საინფორმაციო მხარდაჭერა, საზოგადოებისთვის ხშირად შეხსენება, რომ დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა არამხოლოდ კაფე-ბარებსა და რესტორნებს  (95% აღსრულება ფიქსირდება), საჯარო სექტორის შენობებსა და ოფისებსაც ეხება", - ნათქვამია NGO-ს განცხადებაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია მონიტორების რაოდენობის და შესაბამისად, ყოველთვიური მონიტორინგის მასშტაბების გაზრდა, თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შეუძლია თვითონ იყოს მონიტორი. თუკი მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტებს დააფიქსირებთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საპატრულო პოლიციას 112-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით და მოითხოვეთ სამართალდამრღვევის მიმართ რეაგირება. გვერწმუნეთ, ძირითად შემთხვევაში ჯარიმა არავის არ სიამოვნებს, ცდილობენ გამოსწორდნენ და თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

 

Businesspartner