თამარ მეფის გამზირზე, მირიან მეფის და ბალანჩინის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები იწყება
მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე და ბალანჩინის ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დისკომფორტის შემცირების მიზნით, ინტენსიური საგზაო სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.
„მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე და ბალანჩინის ქუჩაზე დაგეგმილია გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია/მოდერნიზება და ავტობუსისთვის განკუთვნილი ზოლის დახაზვა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სადაც შესაძლებელია, რაც შეიძლება მეტი საავტობუსე ზოლები მოვაწყოთ. თამარ მეფის გამზირზე სამუშაოები იწარმოებს ღამის განმავლობაში - 00:00-06:00 საათამდე, ხოლო მირიან მეფის ქუჩაზე საგზაო კუნძულის გარშემო არსებული გზის სავალი ნაწილი შეიზღუდება ერთი ზოლით. აღნიშნული სამუშაოების განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებები უცვლელი დარჩება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.