საზოგადოება
05/08/2021

თამარ გაბუნია: მიმდინარე ეპიდემიას ტურიზმს ვერ დავაბრალებთ, მთავარი ბუსტერია ქორწილი 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიის გაუარესებას ხელი შეუწყო არა ტურიზმმა, არამედ ქორწილებმა და სხვა დიდი თავშეყრის ღონისძიებებმა. 

“ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას, ბევრი სხვა ფაქტორია, მთავარი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერია ქორწილი, სხვა დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს და ეს არის მთავარი წყარო. კონტაქტების გამოკვლევა როდესაც კეთდება, ეს არ არის ტურისტიდან გამომდინარე, ეს არის ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

რაც შეეხება მიმდინარე ღონისძიებებს, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ყველაფერი წესების დაცვით ხდება, რაც ვერ ხერხდება მაგალითად ქორწილში.  

“დღეს რა ღონისძიებებიც იმართება, ეს ხდება გარკვეული წესების დაცვით. მთავარი რისკი არის იქ, სადაც წესების დაცვა არ ხდება და ვერ ხდება. ეს იწვევს ინფექციის გავრცელებას. თორემ, რაც დაგეგმილია წინასწარ, სადაც ადამიანების რაოდენობა განსაზღვრულია, დისტანცია და წესია დაცული, ის ბუსტერს არ ქმნის ინფექციის გავრცელების კუთხით. უკონტროლო გავრცელება არის იქ, სადაც არის ოჯახური თავშეყრა და წესების დაცვა არ ხდება, ეს არის ყველაზე საშიში“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.