საზოგადოება
30/04/2022

თამარ არჩუაძე: ქუთაისის აეროპორტში მგზავრები რკინიგზის საშუალებითაც შეძლებენ მისვლას

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს დღეიდან ახალი გაჩერება - სადგური ქუთაისის აეროპორტი დაემატა.

რეაბილიტირებულმა სადგურმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული, დღეს ქუთაისის აეროპორტის პირველი მგზავრები მიიღო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან აეროპორტის მიმართულებით მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება.

,,ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებისა და ტაქსების გარდა, მგზავრებს უკვე შესაძლებლობა აქვთ რკინიგზის საშუალებით მოვიდნენ. ეს საშუალებას იძლევა მგზავრებმა გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალება, იმისთვის რომ აეროპორტამდე იმგზავრონ მათთვის კომფორტულ დროს და კომფორტული ტრანსპორტის სახეობით," - აცხადებს თამარ არჩუაძე.

რეაბილიტირებული სადგურიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი 1 კმ და 800 მეტრია, რომლის დაფარვას 5 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მგზავრებს სადგურიდან აეროპორტამდე და პირიქით, უფასო შატლებით მომსახურებას სთავაზობს. დღეიდან, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან გასამგზავრებელ ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს. აქცია ძალაშია 7 მაისამდე.