თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია იწყება
თბილისის მერია თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა, რომელსაც ავარიულობის მეოთხე ხარისხი მიენიჭა.
„ეს სახლი არის მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია - მინიჭებული აქვს ავარიულობის მეოთხე ხარისხი. ამ სახლის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ბოლო პერიოდში გაჩენილმა ხანძარმა. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს 11 მლნ ლარს, ხოლო შესრულების ვადა 30 თვეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში დარგის სპეციალისტები და სათანადო გამოცდილების მქონე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
„პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისს კიდევ ერთი ლამაზი სახლი შეემატება. მოგეხსენებათ, ეს შენობა თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს არა მარტო საცხოვრებლად ვარგისი, არამედ შევინარჩუნოთ, მეტიც, გავზარდოთ მისი ისტორიულ-კულტურული თუ მატერიალური ღირებულება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბევრი შენობა-ნაგებობა რთულ მდგომარეობაშია, რომელთა რეაბილიტაციისთვის „თბილისის განვითარების ფონდთან“ ერთად ბიზნესსექტორის ჩართვაც იგეგმება.
„დიდი ყურადღება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლებს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ცუდ მდგომარეობაშია. მხოლოდ „თბილისის განვითარების ფონდი“ ვერ შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას. ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც ითვალისწინებს აღნიშნულ პროცესში ბიზნესის ჩართულობას. სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესების შემთხვევაში, ბიზნესს, რომელსაც პარალელურად სხვა უბანში ექნება მშენებლობა, კოეფიციენტის გადამეტების საშუალებას მივცემთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.