საზოგადოება
06/08/2020

სტუდენტებისთვის მორიგი ავიარეისი 11 აგვისტოსთვის დაანონსდა – ბილეთის ფასი 199 ევროა

მთავრობის ორგანიზებით, გერმანიაში სწავლისა და მუშაობის ნებართვის მქონე სტუდენტებისთვის 11 აგვისტოს კიდევ ერთი შეღავათიანი ავიარეისი შესრულდება, რომელზეც ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება, – შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა, განათლების სამინისტროებს და ახალგაზრდობის სააგენტოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.

ქართველი სტუდენტებისთვის მთავრობა კიდევ ერთ ავიარეისს 11 აგვისტოსთვის აანონსებს. როგორც პრემიერი ამბობს, ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება. გიორგი გახარიამ რეისის განხორციელებაზე დავალება საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროებს და ახალგაზრდობის სააგენტოს უკვე მისცა.

ერთი ასეთი რეისი ქართველი სტუდენტების მიმართვის საფუძველზე რამდენიმე კვირის წინ ბერლინში უკვე შესრულდა.

„მალე სასწავლო წელი იწყება და სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება როგორც საქართველო, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. ბევრი ქართველი სტუდენტი განათლებას იღებს ან შრომობს ევროპაში, განათლების მიღებასთან ერთად. სტუდენტებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში მუშაობის ნებართვა, მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი. დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს, სასწრაფოდ მოვახდინოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და 11 აგვისტოსთვის განვახორციელოთ კიდევ ერთი რეისი. ასევე რამდენიმე თხოვნა იყო უნგრეთში განათლების მიღების პროცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან, ასევე დავაიდენტიფიციროთ რა რაოდენობაა ეს და თუ საჭირო იქნება, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომელზე ბილეთის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი“, – განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner