საზოგადოება
24/03/2022

სტრასბურგმა საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის მცხოვრებთა საჩივარი დაუშვებლად ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალური საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, - ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 

სასამართლოს დღევანდელი განჩინებით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები ამოიწურა და ამ საკითხის ირგვლივ არსებული ყველა დავა დასრულდა.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. შედარებისთვის – 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3000-დან 4000-მდე საჩივარს.

„2008 წლის ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ არის დადასტურებული, რომ სიმართლე არის საქართველოს მხარეს და ყველა ერთად აუცილებლად ვიზეიმებთ მის დიდ გამარჯვებას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.