საზოგადოება
02/06/2022

სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ

სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ. ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს. 

კანონპროექტის ავტორის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, საჯარო უწყებებში სტაჟირება და სტაჟირების გავლის წესი, ფაქტიურად, ინდივიდუალურ პრაქტიკად არის ჩამოყალიბებული და ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე არ არის დარეგულირებული.

მისი თქმით, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი არ იცნობს ტერმინებს სტაჟიორი  და სტაჟირება, აქედან გამომდინარე,  ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სტაჟირებას გადის საჯარო უწყებაში, მას ეს პერიოდი შრომის სტაჟში არ ეთვლება. 

"შესაბამისად,  ეს პერიოდი მას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დაიგროვოს  შრომითი სტაჟი, რომლითაც შესაძლებლობა ექნება შემდგომში სხვადასხვა საფეხურის კონკურსებში მიიღოს მონაწილეობა, დაიკავოს კონკრეტული პოზიციები და კარიერულად განვითარდეს. სწორედ ამიტომ,  ფრაქციაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის საფუძველზეც გაჩნდება  ტერმინები სტაჟირება და სტაჟიორი", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პროექტის თანახმად, კანონს დაემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სტაჟირების წესს და მითითებულია კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს სტაჟიორების შერჩევა.

სტაჟიორად მიიღებენ პირს, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში), მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში) ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური და საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან გასული არ არის 5 წელზე მეტი.

კანონპროექტით, პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 თვის ვადით.

გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტით შემოდის ჩამკეტი მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ საჯარო უწყებაში დასაქმებული სტაჟიორების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  საშტატო შემადგენლობის სამ პროცენტს თითოეულ პერიოდზე, რომელსაც უწყებები დაადგენენ.

სტაჟიორს უფლება აქვს ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ორჯერ. კანონის მიღების შემდეგ სტაჟირების პერიოდი ჩაითვლება სამუშაო სტაჟად და საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება არ იქნება ანაზღაურებადი.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტით შემოდის  კანონის უკუქცევითი ძალა, რომლის საფუძველზეც ყველა იმ პირს, რომელიც პარლამენტში, უმაღლესს საბჭოსა თუ საკრებულოს ფრაქციაში როდესმე საქმიანობდა ეს პერიოდი ჩაეთვლება სამუშაო სტაჟად.