სპორტის უნივერსიტეტის ახალი შენობის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება - რას ითვალისწინებს ₾50-მლნ-იანი პროექტი
ერთ თვეში თბილისში, ჭავჭავაძის 49 ნომერში სპორტის უნივერსიტეტის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება.
18 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული ტერიტორია ინვესტორმა გასულ წელს 11 მილიონ ლარად შეიძინა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ახალმა მფლობელმა, კომპანია VR VAKE TOWERS-მა ადგილზე, 7-წლიან პერიოდში, 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, ამ ეტაპზე მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ საუბრისას აღნიშნა, რომ ძველი შენობის ნგრევა ბოლო ეტაპზეა და დაახლოებით ერთ თვეში თანამედროვე, ევროპული დონის შენობის მშენებლობა დაიწყება.
მისივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს 10 ათას კვადრატულ მეტრზე ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას. შენობა 5-სართულიანი იქნება, ტერიტორიაზე განთავსდება 8 სათამაშო მოედანი, 2 ღია კორტი და მინიფეხბურთის ერთი ღია სტადიონი.
მისივე ინფორმაციით, ინვესტორმა 2025 წლის მაისში უნივერსიტეტს გარემონტებული, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწავლო კორპუსი უნდა ჩააბაროს, სადაც სასწავლებელი ფუნქციონირებას გააგრძელებს.
უნივერსიტეტის რექტორის ლადო ბოჟაძის განცხადებით, 85 წლის წინ დაფუძნებული უნივერსიტეტი, წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, იძულებული გახდა, სხვადასხვა შენობაში გადანაწილებულიყო, რადგან ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში არსებული უნივერსიტეტი 2007 წელს გაუქმდა.
„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგელები და მათი ლიდერები დაინტერესებულები იყვნენ ამ შენობით. ამიტომ ის გააუქმეს და ფორმალურად ილიას უნივერსიტეტს შეუერთეს, რომელმაც მომდევნო სასწავლო წელს აღარ გამოაცხადა მიღება და უნივერსიტეტი ფაქტობრივად გაუქმდა. ამას მოჰყვა სპორტის კოლეჯის, სამეცნიერო კვლევითი ინსტუტიტის გაუქმება, სპორტული კათედრების გაუქმება სხვადასხვა სასწავლებელში, ასევე სკოლებში სპორტის საათების გაუქმება. რას ერჩოდა მიხეილ სააკშვილი სპორტს და ცხოვრების ჯანსაღ წესს, არვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი აისახა ყველა დონეზე, რაც კი გვქონდა - ოლიმპიადაზე, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებზე. გვახსოვს წლები, როცა სკოლებში იყო სპორტის პედაგოგების პრობლემა, მწვრთნელების გადამზადების პრობლემა და ა.შ.“ - განაცხადა ბოჟაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გადაწყდა სპორტის უნივერსიტეტის აღდგენა.
2019 წლიდან კი, შენობის ავარიულობის გამო, სასწავლო პროცესი ჭავჭავაძის 49 ნომერში აღარ ხორციელდებოდა. მხოლოდ დარბაზებისთვის გაკეთდა ცალკე შემოსასვლელი.
ლადო ბოჟაძის განცხადებით, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმავე ისტორიულ ადგილას აშენებულიყო ახალი შენობა.
„ეს გაკეთდა ისე, რომ სახელმწიფოს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს. ინვესტორს ვალდებულება აქვს, 50 მილიონი დახარჯოს უნივერსიტეტს. ჩვენ შენობა ბოლომდე გამზადებული დაგვხვდება და მხოლოდ ლენტი უნდა გავჭრათ,“ - აღნიშნა ბოჟაძემ და განაცხადა, რომ ახალ შენობაში უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2025-2026 სასწავლო წელს მიიღებს.
ცნობისთვის: „VR ვაკე თაუერსის“ პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 220 მლნ დოლარია. სრული მიწის ნაკვეთის განვითარება იყოფა ორ ნაწილად: პირველ ნაწილზე განთავსდება სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი თანამედროვე სტანდარტების მქონე ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი, ხოლო მეორე ნაწილზე - VR Holding-ის მიერ შემუშავებული მრავალფუნქციური დეველოპერული პროექტი.