საზოგადოება
20/02/2023

სოფელ საბირქენდში ახალი სკოლა აშენდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა.

დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში: აშენდა ახალი შენობა-ნაგებობა, მოეწყო საკლასო ოთახები, გასართობი სივრცეები და სპორტული მოედანი, დამონტაჟდა ახალი გათბობის და კანალიზაციის სისტემები, მოპირკეთდა გარე სივრცე. შენობა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, განახორციელა და მისმა ღირებულებამ 6 264 667  ლარი შეადგინა.