"სქრინფლეი" - სცენარისტთა პირველი სკოლა საქართველოში "ჯეპრასა" და "ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის" მხარდაჭერით იხსნება
ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით, შესაძლებლობა ეძლევა გაიაროს სამთვიანი კურსი და გახდეს პროფესიონალი სცენარისტი.
სტუდენტები მოისმენენ საბაზისო ლექციათა კურსს, რომელიც საჭიროა სცენარისტის პროფესიისთვის. კურსი უნივერსალურია და განკუთვნილია არა მხოლოდ დამწყები, არამედ მოქმედი სცენარისტებისთვისაც, რომლებიც საჭიროდ თვლიან, რომ გაიუმჯობესონ ცოდნა ან ისწავლონ სხვა ჟანრში სცენარზე მუშაობა.
“სქრინფლეის” სკოლაში მსურველები დაეუფლებიან სცენარის წერის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, ლიტერატურული ნაწარმოებისა და რეალური ამბების ადაპტირებას,
მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას და შეძლებენ საკუთარი იდეის პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას.
სცენარისტთა სკოლის დამფუძნებლები არიან საქართველოში ყველაზე პოპულარული სერიალებისა და გადაცემების სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი გოჩა კორხელაური, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.
„ძალიან ბევრ პროექტზე მომიწია მუშაობა, როგორც სცენარის ხელმძღვანელს და ყოველთვის პრობლემა იყო სცენარისტთა ჯგუფის დაკომპლექტება, მითუმეტეს, პროექტის შინაარსისა და ჟანრის მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა სცენარისტთა სასწავლებელი, ერთადერთი გზა იყო სცენარისტების შერჩევა იმ მსურველთაგან, რომელთაც უბრალოდ, ინტერესი ჰქონდათ ემუშავათ სცენარისტად.
მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სცენარისტად მუშაობის მსურველი რეალურად ძალიან ბევრია, თუმცა, იმ მოკლე დროში, რომელიც ეთმობოდა ამ უამრავი კანდიდატიდან სცენარისტების შერჩევას, ძალიან რთული იყო მათთვის, გამოევლინათ ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა პროფესიონალი სცენარისტისთვის.”
სწორედ, ამ გამოცდილების საფუძველზე, გაჩნდა იდეა, შეგვექმნა პროფესიონალ სცენარისტთა სკოლა - „სქრინფლეი“, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ ამ პროფესიას და თვითონ აირჩიონ, რომელ ჟანრში და რა მიმართულებით სურთ მუშაობა,“ - განაცხადა „სქრინფლეის“ დამფუძნებელმა გოჩა კორხელაურმა.
„თანამედროვე საზოგადოების განვითარების საკითხში სცენარისტების როლი შეუფასებლად მაღალია. მათ მიერ შექმნილი ისტორიები ყოველთვის მოქმედებს ადამიანებზე, აძლევს პრობლემების გადაჭრის ახალ გზებს და ახალ მიმართულებებს, უჩენს თანაზიარობისა და გულისხმიერების განცდას.
სცენარისტთა სკოლა შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს, მიიტანოს სათქმელი ყველა დაინტერესებულ პირთან და გარდაქმნას თავისი იდეა დაუვიწყარ ამბად. მოხარული ვარ, რომ „სქრინფლეის“ დაფუძნებით ხელს ვუწყობთ სცენარისტის მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიის განვითარებას.“ - განაცხადა „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა.
“სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლაში ასწავლიან ლექტორები, რომელთაც შექმნილი აქვთ არაერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტი და არიან ცნობილი პიესებისა და წიგნების ავტორები. ისინი თეორიული ნაწილის გარდა, სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებასაც.
სამთვიან კურსზე შეისწავლება შემდეგი საგნები:
სატელევიზიო სერიალის სპეციფიკა, შექმნა და წარმოება - გოჩა კორხელაური, სცენარისტი, რეჟისორი.
როგორ გავხდეთ სცენარისტი - ოთარ ლომთაძე, სცენარისტი.
დრამატურგიის მეთოდოლოგია - ლაშა ბუღაძე, მწერალი, დრამატურგი.
შემოქმედებითი წერა - გურამ მეგრელიშვილი, მწერალი, კინოსცენარისტი და რეჟისორი.
სცენარისტთა სკოლაში სწავლა 26 სექტემბერს დაიწყება.