სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს იოანე მენაბდე უხელმძღვანელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსად იოანე მენაბდე დაინიშნა.
სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, სივრცითი დაგეგმვის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების პოლიტიკის განსაზღვრისა და გატარების, ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად 2022 წელს შეიქმნა.
სააგენტოს ძირითად ფუნქციებად განისაზღვრა სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პოლიტიკის შემუშავება, დარგის მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და მართვა, სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავების/სრულყოფის პროცესში მონაწილეობა, სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტისთვის ან მათი ნაწილისთვის საექსპერტო დასკვნის მომზადება, ქალაქთმშენებლობითი დასკვნების გაცემა, საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარი შეფასება, განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება, სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.
რაც შეეხება სააგენტოს ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა - იოანე მენაბდეს განათლება მიღებული აქვს ესპანეთში, იტალიასა და უნგრეთში, იგი არის მადრიდის IE უნივერსიტეტის მაგისტრი უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით, მინიჭებული აქვს მილანის ბოკონის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა და საერთაშორისო ფინანსებში, ასევე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის განხრით ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს.
იოანე მენაბდე სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო და კერძო სექტორში, მათ შორის იყო კომპანია „ნიუ სითი დეველოპმენტის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტის უფროსი ექსპერტი, „კოლიერს ინთერნეიშენალ ჯორჯიას“ კონსულტანტი უძრავი ქონების განვითარებისა და ტურისტული სექტორის კვლევის მიმართულებით, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო ოფიცერი ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორში და ა.შ.