შრომის უსაფრთხოების ახალი რეგულაციები ამოქმედდება
შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს საქართველოს.
როგორც "ბიზნესპარტნიორის" ეთერში შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, ერთ-ერთია მინიმალური მოთხოვნები სამუშაო ადგილზე. ეს იქნება რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს, სამუშაო ადგილზე როგორი უნდა იყოს განათება, სივრცითი მოწყობა, ტემპერატურა.
"გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, როგორი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ფეთქებად გარემოში როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები. ესენი ეტაპობრივად იქნება მიღებული", - აღნიშნა ბექა ფერაძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც, შრომის ინსპექციამ ფუნქციონირება დაიწყო, სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევები 31%-ით შემცირდა.
"2-3 წლიანი პერიოდის ფარგლებში ეს საგრძნობლად დიდი პროგრესია. უსაფრთხო შრომა კულტურის ნაწილად რომ გადაიქცეს, ამას ბუნებრივია რამდენიმე ათწლეულიც კი სჭირდება. ეფექტური საინფორმაციო კამპანიით, დაბალანსებული ინსპექტირების მექანიზმით ჩვენ საგრძნობ პროგრესს მივაღწიეთ. აქტივობა კიდევ გაგრძელდება", - აცხადებს ბექა ფერაძე.